უკრაინის პრეზიდენტმა ესპანეთში, გრანადაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების არაფორმალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გამოთქვა რწმენა, რომ პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ზელენსკიმ რუსეთის სახიფათო მცდელობებზე ისაუბრა, "გაყინოს" კონფლიქტი:
„რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს მომავალი წლებისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში რაიმე პაუზა იქნება - სიტუაციის ნებისმიერი გაყინვა, დადგება ახალი კრიტიკული მომენტი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთი კრიტიკული მომენტი შეიძლება დადგეს 2028 წელს, როდესაც რუსეთი შეძლებს ძალების აღდგენას.
„თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის საშუალება, მაშინ 2028 წლისთვის კრემლი შეძლებს აღადგინოს ჩვენ მიერ განადგურებული სამხედრო პოტენციალი და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის გარდა, ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და ზუსტად ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზეც რუსული კონტიგენტებია. ეს არის ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან. ჩვენ ამის სიგნალს გაძლევთ“, - თქვა ზელენსკიმ ფორუმზე შეკრებილი 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერის წინაშე.