"ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს და "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ რუსულ კანონს ეხმაურება.
"ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ ომბუდსმენის მოხსენება. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს ის მიმართული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას", - ამბობს ჰერჩინსკი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.
დოკუმენტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტს "ოცნება" დაჩქარებული წესით განიხილავს და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებს, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება".