"მოგმართავთ თხოვნით, დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო", - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილშია საუბარი.
სამოქალაქო მოძრაობების ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
ქალბატონო სალომე,საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული პროცედურის გავლით, საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე, პროფესიული აზრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მესამე მოსმენით უკვე მიიღო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონი.
შემოთავაზებული ნორმა უხეშად ერევა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში და საკონსტიტუციო დანაწესის იგნორირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას; კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალოვან სტრუქტურებს მიეცემათ საშუალება დაუსაბუთებლად, ნებისმიერ დროს შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, ამასთან, ჩვენი კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკის გამო, დაგვაკისრონ მძიმე პასუხისმგებლობა, რიგ შემთხვევებში, თავისუფლების შეზღუდვის ფორმითაც.
ხელისუფლების მორიგი მცდელობა, ლეგიტიმაცია შესძინოს რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მოქმედი რეჟიმებისთვის დამახასიათებელ, ანტიდემოკრატიულ შეზღუდვებს, კიდევ უფრო მწვავე საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპასთან ასოცირების პერსპექტივას, განსაკუთრებით დღეს, გადამწყვეტ, გზაგასაყარ მომენტში, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
მოგმართავთ თხოვნით, კვლავ დადგეთ კონსტიტუციური წესრიგისა და თქვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე და დემოკრატიული სისტემიდან გასულ ამ კანონპროექტს დაადოთ ვეტო.
წერილის ხელმომწერი სამოქალაქო აქტივისტები, გავაგრძელებთ მცდელობებს კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურების, მათი მობილიზების მიმართულებით, - ნათქვამია ღია წერილში.
ღია წერილს ხელს აწერენ სამოქალაქო მოძრაობები: