საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნის მკვლელობას სახალხო დამცველი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კვლავ მძიმე პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. ლევან იოსელიანი ამ კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან, არასაკმარის ქმედებებსაც აღნიშნავს
"შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.
მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.
სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.
საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები." ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ლამბალოში დღეს მოხდა.14 წლის გოგო საკუთარმა ქმარმა, 30 წლის ალიმ ასლანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მოკლული გოგონა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს, თუმცა არასრულწლოვანი ქორწინების წინააღმდეგი იყო და მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახლიდან თავის დაღწევას ცდილობდა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო.