ამერიკის მთავრობამ რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდების გამო 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა. აშშ-ს ხელისუფლება განმარტავს, რომ საუბარია "ამერიკული წარმოშობის" მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდებაზე, რომელსაც რუსეთი რაკეტებისა და თვითმფრინავების მართვის სისტემებში იყენებს, უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისთვის.
სანქციები ასევე დაწესებულია შვიდი კომპანიის წინააღმდეგ ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
"[სანქციების] სიის დღევანდელი გაფართოება მკაფიო სიგნალს აგზავნის: თუ თქვენ მიაწვდით ამერიკულ ტექნოლოგიას რუსეთის თავდაცვის სექტორს, ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინება და ვიმოქმედებთ“, - თქვა აშშ-ს ვაჭრობის მდივნის მოადგილე მეთიუ აქსელროდმა.
ამერიკული მიკროელექტრონიკა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ წარმოებული კომპონენტები გამოიყენება რუსულ რაკეტებსა და თვითმფრინავებში, რომლებსაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.