ნიკა მელია ჯერჯერობით ნაციონალურ მოძრაობაში რჩება. თანამოაზრეებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დახურული აუდიენციის შემდეგ გადაწყვეტილება თავად მელიამ გაასაჯაროვა და თქვა, რომ მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
მელიამ ისიც დასძინა, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტის პირობებში რთული იქნება პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება და ის სავარაუდოდ ელოდება ახალი მენეჯმენტისგან შემხვედრ ნაბიჯებს.
''გაცილებით უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს და იმ იდეას, რომელსაც ემსახურება ეს ხალხი წლების განმავლობაში და აქვს კატეგორიული მიუღებლობა ახალი მენეჯმენტისადმი და არაფორმალური მმართველობისადმი. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე, მხარდამჭერზე. კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულია იმ ხალხზე, ვინც პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა. 9 თვის განმავლობაში პარტიას ხლეჩენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაესხას წყალი და ეს მათ გამოუვიდათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შესაძლებელი გახდეს ყველა პატრიოტის ერთობა, სწორი ადამიანი ვინც კი არსებობს ნაციონალური მოძრაობის პლატფორმაში თავი უნდა იგრძნოს მართალ ადამიანად და არ უნდა იგრძნოს არაფორმალური მმართველების მიერ მართულ ადამიანად.'' - თქვა ნიკა მელიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ყოფილი მენეჯმენტის წევრებმაც გააკეთეს განცხადებები. ისინი თვლიან რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთობაა და სწორედ ამ პოზიციით შეძლებენ მმართველი ძალის დამარცხებას.
''მნიშვნელოვანია, მთავარმა ოპოზიციურმა და ყველაზე მსხვილმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეინარჩუნოს ერთიანობა და არჩევნებს დიდი ერთობით და დიდი ძალით დავუპირისპირდეთ ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ დიდი გაერთიანების და დიდი ერთობის გარეშე დღეს ამ რეჟიმის ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილება წარმოუდგენელია'' - ამბობს კობა ნაყოფია.
უახლოეს მომავალში შეხვედრები ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.