შსს-ში 6 ოქტომბერს ვახტანგ გომელაურსა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართული სამუშაო თათბირი მოქმედი მინისტრისთვის სავარაუდოდ ბოლო შეხვედრა იყო. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ვახტანგ გომელაურს თვის ბოლოს, სავარაუდოდ, პოსტს დაატოვებინებენ. წყარო შსს-დან გვიყვება, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. მინისტრის გადაყენების გარდა, ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახლში წასვლა სავარაუდოდ რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებსაც მოუწევთ.
ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ვახტანგ გომელაურის ადგილს, თუმცა ცნობილი ხდება რომ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელზეც სამინისტროში მსჯელობენ და რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განიხილავენ, ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძეა. ის სამინისტროში პოლიციის ყველა დანაყოფს კურირებს. პოლიციის მაღალჩინოსანი ცოტა ხნის წინ, ლიეტუვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა, ბედოიძე შსს-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
ბედოიძის დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს თბილისში ბინა არ აქვს. მითითებულია მხოლოდ სართიჭალის ნაკვეთი და მამისეული სახლი. რეალურად კი საქმე სულ სხვაგვარადაა.
მდიდრული რეზიდენცია ლისზე, აუზითა და საკუთარი სტადიონით სწორედ მას ეკუთვნის. სახლი პოლიციის მაღალჩინოსნის მამამ რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის 29 სექტემბერს გადაიფორმა. ეზოს ფართი 1000 კვადრატულ მეტრამდეა, საცხოვრებლის კი 425 კვადრატული. ამ სახლის ფასი ლისზე ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს.
შალვა ბედოიძის და მისი ოჯახის გამდიდრება ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ იწყება. ის თანამდებობაზე 2012 წლიდანაა. მანამდე არც მას და არც მის ოჯახს თითქმის არაფერი გააჩნდა, გარდაბანში, სოფელ სართიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლის გარდა.
ხელფასის გარდა, დამატებითი შემოსავალზე მის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. საუბარია, მხოლოდ იმაზე რომ მას ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, შვიდ თვეში მხოლოდ 64 000 ლარი აქვს აღებული, რომელიც არათუ სახლის, არამედ აუზისა და სტადიონის მოსაწყობადაც კი არ იქნებოდა საკმარისი.
შალვა ბედოიძე ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში პირველ მოადგილედ 2021 წელს დანიშნა. გომელაურმა უწყებაში მინისტრის შემდეგ ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია იმ სამართალდამცველს ჩააბარა, რომელმაც საზოგადოებას თავი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში გამქრალი მტკიცებულების სკანდალით დაამახსოვრა, მკვლელების კვალზე კი პოლიციამ ცხელ კვალზე გასვლა ვერ შეძლო. მაშინ, ოპოზიცია შალვა ბედოიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ბედოიძე შსს-დან გაუშვეს, თუმცა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა უწყებაში ფარულად დააბრუნა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ ბედოიძეა პირი, რომელიც კონკრეტულ ბიზნესებს მფარველობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობის გარეშე კონკრეტულ შემთხვევებში შეუფერხებლად მუშაობა შეუძლებელია. საქმე ეხება ქოლცენტრების სკანდალსაც. როცა, მაგალითად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ხელშეუხებელ ქოლცენტრებს აკეთებენ, იციან, რომ გამოძიებასთან პრობლემების მოსაგვარებლად სწორედ ბედოიძეს უნდა მიმართონ. ამიტომ ის ხელისუფლებაში ბევრი კორუფციონერი მაღალჩინოსნისთვის მისაღები კადრია.
შსს-ში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები დიდი ალბათობით მომავალ არჩევნებს უკავშირდება. ახლა ხელისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტი კონტროლი სჭირდება, რომ უკვე არჩევნების თარიღისთვის პოლიცია სრულად პოლიტიზებული იყოს.
სად წავა ვახტანგ გომელაური , ჯერ უცნობია. თუ მინისტრის სამსახურებრივ ბიოგრაფიას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ერთგული და გამოცდილი კადრია. მეტიც, გომელაურს დაახლოებით 17 წელი აქვს გატარებული ბიძინა ივანიშვილთან პირადი დაცვის უფროსად, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ის სუს-ის უფროსისა და შს მინისტრის თანამდებობებზე დაინიშნა. თუმცა მის მინისტრობას სკანდალებიც ბევრი ახლდა.
შსს- ში დაგეგმილი ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ უფრო მეტი დეტალი ჩვენი ინფორმაციით, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე კი ძალოვანი უწყების ყველა უფროსი ცვლილების მოლოდინშია.