შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება ვადაზე ადრე ქვეყნის მეხუთე და ბოლო არჩეულ პრეზიდენტს? უმრავლესობას საბოლოო მიზნისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს, თუმცა გადაინაცვლებს თუ არა პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოდან, საკანონმდებლო ორგანოში, ეს ჯერ გაურკვეველია. საკონსტიტუციო სასამართლოს 14 ოქტომბრამდე აქვს ვადა გადაწყვეტილების მისაღებად. ირაკლი კობახიძე სამი დღე ცდილობდა ემტკიცებინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. არა და სწორედ ირაკლი კობახიძე იყო აქტიურად ჩართული სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში ,,ქართული ოცნების'' სხვა ლიდერებთან ერთად და ამომრჩევლებს ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. ორი დღის წინ კი მოსამართლეებს არწმუნებდა, რომ იგი არ არის ღირსი იყო ქვეყნის პრეზიდენტი. პარტიის თავმჯდომარემ მოსამართლეებს მოუწოდა საპარლამენტო რესპუბლიკა არ გადააქციონ გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად.
ავტორი: ნინო ბალანჩივაძე