
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღის შემაჯამებელ მიმართვაში ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება და ცხელ წერტილში უკრაინელი მოქალაქის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმების პროცესშია, ხოლო სხვა კრიტიკულ სიტუაციაში უკრაინის მოქალაქეებს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება ყველა გზით შეუძლია.
ზელენსკი ჰამასის თავდასხმას ისრაელზე გმობს და მის თავდაცვის სრულ უფლებას უჭერს მხარს.
"დღეს დილიდან - მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს დიპლომატებთან. ისრაელზე განხორციელებული ტერაქტისა და ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საფრთხის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოპერატიული შტაბი შეიქმნა.
ამ დროისთვის უკრაინის ერთი მოქალაქის შესაძლო გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მოწმდება და ჩვენს ორ მოქალაქეს ეძებენ. ძვირფასო უკრაინელებო გთხოვთ, თუ ისრაელში იმყოფებთ, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. ნებისმიერი საჭიროებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს საელჩოს თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი გზით. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა საშინელი კადრები ისრაელიდან - კადრები, თუ როგორ ძალადობენ ტერორისტები ქალებსა და მამაკაცებზე. როგორ იყვანენ მძევლად მოხუცებულებს. ისრაელზე ტერორისტული თავდასხმა საგულდაგულოდ იყო მომზადებული. მთელ მსოფლიოს ესმის, რისი პროვოცირება და ორგანიზება შეეძლოთ ტერორის მხარდამჭერებს.
ისრაელს აქვს ტერორისგან დაცვის სრული უფლება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. არანაირი მხარდაჭერა ტერორისტებს. დაე, ადამიანის სიცოცხლის ღირებულება და ტერორის მიუღებლობა იყოს ის პრინციპები, რომლებიც საბოლოდ აერთიანებს მთელს სამყაროს.'' - აცხადებს ზელენსკი