"NATO-ში გაწევრიანება არის ერთადერთი მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის და არა ის ეფემერული მშვიდობა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება გვესაუბრება. 12 რეკომენდაციის შესრულება კი არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, არამედ NATO-შიც" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
"მე პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ვიკითხე ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ ამ მნიშვნელოვან სამიტზე განხილულ იქნას საქართველოს დაჩქარებული წესით ნატო-ში გაწევრიანება, მათ შორის, მაპი-ს გარეშე. პასუხად მივიღე ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმები, რაც პირდაპირი მითითებაა, ბუნებრივია, მათ შორის იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ჩვენ ევროკავშირისგან მივიღეთ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, არამედ ნატო-შიც გაწევრიანების წინაპირობაც არის, რაც, ბუნებრივია, საქართველოსთვის არის ერთადერთი რეალური მშვიდობის გარანტი.
როდესაც ხელისუფლება საუბრობს ხოლმე მშვიდობაზე და სტაბილურობაზე, რაღაც ეფემერულ მშვიდობაზე და ძალიან ყალბ მშვიდობაზე კი არ უნდა გველაპარაკებოდეს, იმ რეალურ სტაბილურობაზე და მშვიდობაზე, რომელსაც ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია საქართველოს მოუტანოს. ეს პირდაპირ დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება და მთავარი განსახილველი თემები ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებია. კერძოდ, უკრაინაში რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე.