"რეალურად, საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო... [აშშ-ის] მთავარი მოთხოვნა დემოკრატიაა" | ნიკა გვარამიას ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან"

გამოქვეყნდა:

"რეალურად საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო... [აშშ-ის] მთავარი მოთხოვნა დემოკრატიაა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც მან ვაშინგტონში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

ნიკა გვარამიას თქმით, ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა არის ნამდვილი დემოკრატია, ხოლო რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობები წითელი ხაზია, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანთან  წინააღმდეგობაში მოდის.

"ვისაც მე შევხვდი ეჭვი არავის ეპარება, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და დემოკრატია არის არათავსებადი. და არც იმაში არ ეპარება არავის ეჭვი, რომ დემოკრატიის გარეშე საქართველო ვერ გახდება დასავლური ოჯახის ნაწილი. დემოკრატიაზე უარი ზუსტადაც რომ გეოპოლიტიკური არჩევანია საქართველოსი. იმიტომ, რომ ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ სინამდვილეში გეოპოლიტიკურად საით მიდის საქართველო და ის მიდის რუსეთისკენ.

როდესაც ხალხის არჩევანსა და ხელისუფლების არჩევანს შორის ასეთი დრამატული განსხვავებაა, მაშინ ხალხის არჩევანთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება. ამ ხელისუფლების პირობებში ეს შესაბამისობა ვერ დადგება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება 2024 წელს შეიცვალოს. ეს ძალიან კარგად ესმის აქ ყველას.

ვხედავთ ჩვენ, რომ რუსული გავლენა უკვე ძლიერი კი არ არის საქართველოში, რეალურად საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც ოლიგარქია, როგორც მმართველობის ფორმა იქცა ავტორიტარიზმად. ეს არის ერთიანი მონოლითური პირამიდა, უჩინარი კაცით სათავეში...

არჩევნების გაყალბება და ხელისუფლების უზურპაცია, რასაც აკეთებს ბოლო 3 არჩევნებია "ქართული ოცნება" და ახლა კიდევ უფრო მეტად გააკეთებს. იმიტომ, რომ ესეთი მძიმე ვითარება მას არ ჰქონია. ბევრი ფული გაჩნდება ბაზარზე, მოსყიდვა იქნება არანორმალური, იქნება კრიმინალების ჩარევა. ახლა ფარცხალაძე რასაც სიმბოლიზირებს, ყველაფერი იქნება. იქნება ბინძური მეთოდები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, სუს-ის, მათ შორის, უბინძურესი საქმიანობა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ფარცხალაძე პროკურორების და მოსამართლეების მეშვეობით ოპერირებს, ერთი მხრივ. და მეორე მხრივ, კრიმინალების მეშვეობით. ვიღებთ, რეალურად, კვაზი სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, სინამდვილეში, პარალელურ სამყაროს სახელმწიფოს შიგნით, სახელმწიფოს შიგნით სახელმწიფოს, რომელიც რეალურად ქართველ ხალხს ჰპარავს 2-3 წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა დონეზე, ხელისუფლებას. ამას ჰქვია ხელისუფლების უზურპაცია, მეტი არაფრის არ ჰქვია," - ამბობს ნიკა გვარამია.

ნოემბერში ნიკა გვარამია ამერიკის შეერთებული შტატებს კვლავ ეწვევა, სადაც "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს ოფიციალურად გადასცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი