ასობით საქართველოს მოქალაქე ისრაელიდან ევაკუაციის მოლოდინშია. ადამიანების ნაწილი ბენ გურიონის აეროპორტში მოუთმენლად ელის ავიარეისს თბილისისკენ. მოქალაქეები განმარტავენ, რომ რეგულარული რეისები საკმარისი არ არის და ხალხის დროული და უსაფრთხო ევაკუაციისთვის დამატებითი რეისების დანიშვნაა აუცილებელი.
თუმცა ამ მოთხოვნაზე რეაგირება ამ დრომდე არ არის, უფრო მეტიც, ჩვენს თანამოქალაქეებს კონფლიქტის ზონის დატოვება საკუთრი ხარჯებით და ხშირად ცეცხლის ქვეშ უწევთ. ისრაელის სამხრეთის რაიონებში ჩარჩენილები ტრანსპორტირებაში დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
არანაკლებ რთულია საქართველოდან ემიგრირებულთ მდგომარეობა, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე მესამე დღეა სახლებშია გამოკეტილი და ყოველწუთიერი თავდასხმის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. სამწუხაროდ, უკვე დადასტურდა ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც - საქართველოდან ემიგრირებული 3 ახალგაზრდა ტერორისტებმა მშვიდობის ფესტივალზე მოკლეს.