"2024 წლის საარჩევნო ყულაბა ქართული ოცნებისთვის 200 მლნით ივსება” - განცხადებას ბათუმის საკრებულოს წევრი, რეზო ხარაზი აკეთებს. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, პრემიერის მიერ გამოცხადებული “კურორტების განვითარების” მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში ბათუმში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 200 მლნ ლარი გამოიყო, თუმცა, საკრებულოს დეპუტატის თქმით, არ არის კონკრეტული მითითება, თუ სად და რაში დაიხარჯება ეს თანხა.
ტენდერის თანახმად 200მლნ ლარს განკარგავს შპს “საბა კონსტრაქშენი”, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან, ივანიშვილთან და ასევე, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან (რიჟა). რეზო ხარაზმა ოფიციალური წერილები მიწერა შესაბამის უწყებებს თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს თანხა შავი ფულია, რომელსაც მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს.
„როცა ქვეყნიდან ადამიანები ოჯახებით გარბიან, როცა 5000 - ზე მეტმა ბავშვმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, როცა 40 000 სოციალური შემწეობის მომლოდინე ადამიანი გვყავს ბათუმში, ამ დროს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავები ღარიბაშვილი და რიჟვაძე გეგმავენ ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ (მუნიციპალური განვითარების ფონდი) შემუშავებული იქნა ახალი ე.წ კურორტების განვითარების ერთ მილიარდიანი პროგრამა, საიდანაც მაგალითად ქალაქ ბათუმზე გამოიყო 200 მილიონი ლარი აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო და დღემდე ბუნდოვანია.
უფრო მეტიც, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (nat230015286) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შპს საბა კონსტარქშენმა მიიღო მონაწილეობა და მოიგო. ამ კომპანიას ავანსის სახით 60 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა. შპს საბა კონსტრაქშენი
დაკავშირებულია ,,ქართულ ოცნებასთან“ მას აჭარაში 300 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაო აქვს მიღებული ამ კომპანიას უკავშირდება ,,გმირთა ხეივნის“ გაჭიანურებული და კორუფციული პროექტი ასევე ეს კომპანია მოხვდა 2023 წლის გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ეს კომპანია წლებია ახორციელებს დაბა ჩაქვში ძალოსნობის დარბაზის მშენებლობას.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ სად და როგორ იხარჯება მათზე გამოყოფილი 200 მილიონი ლარი.“- განაცხადა რეზო ხარაზმა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე