საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და მისი მეგობრები მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და დაკითხვაზე უარს აცხადებენ. ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაში ათეულობით პირი მონაწილეობდა, თუმცა გამოძიებამ მხოლოდ 6 მათგანის იდენტიფიცირება მოახერხა და ამ დროისთვის მხოლოდ ეს 6 პირია დაკავებული. აქედან გამომდინარე, საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, აცხადებს რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური რევანში იყო და გამოძიებაც ამ საქმეში სწორედ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.
"თავდასხმა იყო სუს-ის და ხელისუფლების სისხლიანი სპეცოპერაცია, პოლიტიკური ანგარიშსწორება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინების მიზნით. გავიდა 2 კვირაზე მეტი და 50-მდე ადამიანიდან დაკავებულია მხოლოდ 6. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომასალა და ყველა ადამიანის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, გამოძიება ამ პირები დაინტერესების ნაცვლად ინტერესდება, ვინ გაბედა ვიდეომასალის გადაღება და ჟურნალისტებისთვის მიწოდება. სრულყოფილი გამოძიების ჩატარება ჩემი ჩვენების გარეშეც არის შესაძლებელი, შესაბამისად, ვაპირებ საქართველოს კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებული უფლებით არ მივცე ჩვენება" ამბობს ეძგვერაძე.
ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარასპაშვილსა და დავით დანელიას გლდანში, "ოცნებასთან" დაახლოებული პირები 22 სექტემბერს, ეძგვერაძის კერძო საკუთრებაში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულებს შორის არიან ელგუჯა შუკაკიძე და ტატო ხუნდაძე.