12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება | უფლებები საქართველო

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" აცხადებს, რომ დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება. საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, "უფლებები საქართველოს" იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

ორგანიზაციამ 5 ივლისს განაცხადა, რომ 12 წლის გოგოს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული იყო,  კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი