12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მტკიცებულებები დაზიანებულია - "უფლებები საქართველო" გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშტაიტეს საქმეზე არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელსაც უნდა დაედგინა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი, დაზიანებულია. 

საუბარია მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო თუ ვის ეკუთვნის ანას სხეულზე არსებული უცხო პირის დეენემი, თუმცა დაზიანების გამო, ამის დადგენა შეუძლებელი ხდება. აღნიშნულზე დღეს ბრიფინგი გამართა ორგანიზაცია "უფლებები საქართველომ".

არსებული ინფორმაციით, მტკიცებულებების დაზიანება გამოიწვია იმ პაკეტის მთლიანობის დარღვევამ, რომელშიც მოზარდის ხელებიდან და სახიდან აღებული ნიმუშები ინახებოდა.

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მტკიცებულებების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გეგმავს. ანას დედა და მისი უფლებადამცველი მომხდარში სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავენ. 

"დიდ დიღომში 2023 წლის 16 მარტს გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.

სამხარაულის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები, ხოლო მტკიცებულებების ნაწილი მოთავსებულია მთლიანობადარღვეულ პაკეტში. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც შესაძლოა დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

2023 წლის 3 ივლისს, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია, მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა.

საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი ნადებების არსებობა ეჭვქვეშ აყენებს ამ მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე მომზადებული დასკვნის სანდოობას. ამასთან,  ბუნდოვანია,  რამდენად შეძლებენ უცხოელი ექსპერტები განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას დაზიანებულ ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა  განზრახ ან გაუფრთხილებლობით. სწორედ გამოძიების  შედეგად უნდა დადგინდეს, რომელი უწყების განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ განაპირობა საკვლევი ობიექტების დაზიანება", - 

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" იურისტის, ელისო რუხაძის თქმით, ექსპერტმა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების შეგროვების დროს გულგრილობა გამოიჩინა.

"უფლებები საქართველო" მოუწოდებს:

  • სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დროულად მოგვაწოდოს მის წინაშე წარდგენილ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია;
  • საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე. 
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი