ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამ დროისათვის აღდგენილია ბარიერი ღაზას გარშემო და საზღვარზე განლაგებულია ქვეითი ჯარი და ჯავშანტექნიკა, ასევე 300 ათასი რეზერვისტი. სარდლობაში აცხადებენ, რომ არმია სახმელეთო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 2700-ზე მეტი ადამიანი.
ტერორისტების მიერ დაკავებულ დასახლებებში კრიმინალისტები და სამხედროები აგრძელებენ მუშაობას. IDF-ის სპიკერის, ჯონათან კონრიკუსის თქმით, ბოევიკების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სულ უფრო მეტი სისასტიკის ფაქტები ვლინდება.
ისრაელის ავიაცია განაგრძობს საჰაერო თავდასხმებს ჰამასის სამხედრო ობიექტებზე.
გარდა ამისა, ისრაელზე სარაკეტო შეტევები განხორციელდა სირიიდან და ლიბანიდან. IDF-ის ცნობით, ლიბანიდან ამ ყველაფრის უკან ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა დგას, ხოლო ვინ გაისროლა სირიიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანთან, საზღვრის სამხრეთით ისრაელის პოზიციებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეუტიეს.