
ბელგიამ შექმნა სპეციალური ფონდი უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ქვეყანაში გაყინული რუსული აქტივების დაბეგვრის შედეგად შეივსება. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ბელგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამი მიმართულებით, რომელთაგან პირველი ორი არის სამხედრო დახმარება და ეკონომიკური სანქციები.
"მესამე არის უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნა 1,7 მილიარდი ევროს მოცულობით... ამ ფონდის წყარო იქნება ბელგიაში გაყინული მილიარდობით დოლარის რუსული აქტივები. ფონდი გამოყენებული იქნება სამხედრო ტექნიკის შესაძენად, ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, მაკროფინანსური დახმარებისთვის და ა.შ", - განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.
მანამდე ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ქვეყანა უკრაინაში რამდენიმე ბელგიურ F-16 გამანადგურებელს გაგზავნის.