მაუწყებლის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა, რომელიც ერთი შეხედვით მოზარდების მავნე ინფორმაციისგან დაცვას ჰგავს, უკვე დაიმსახურა ხელისუფლების მოწონება და მედიის წარმომადგენლების კრიტიკა.
ცენზურის დაწესების მორიგი მცდელობა მედიისთვის - ასე აფასებენ კანონს მედიისთვის, რომელიც ძალაში ორ კვირაში შევა.
კრიტიკის მთავარი მიზეზი ის ბუნდოვანებაა, რომელიც მედიაორგანიზაციებს გაურკვევლობაში ტოვებს. მედიას ეკრძალება ისეთი ინფორმაციის გაშუქება, რომელიც შესაძლოა ზიანს აყენებდეს მოზარდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას. ჩამონათვალში შედის ნახატი და დოკუმენტური ფილმები.
7 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური, ნეგატიური, გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)]
ახალი კანონით, სავარაუდოდ იკრძალება საინფორმაციო გამოშვებებში რეკონსტრუქციების გამოყენება, კრიმინალური შემთხვევებისა და პოლიტიკური დებატების გაშუქება.
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონის არჩევნების წინ ძალაში შესვლა შემთხვევითი არ არის და ბავშვთა უფლებების დაცვის სახელით, რეალურად ხელისუფლების ხელში მარეგულირებელს გადააქვს ბერკეტი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდება მმართველი გუნდისთვის არასასურველი მედია ნებისმიერ დროს გააჩუმონ.
ცენზურის დაწესების გარდა, თავისუფალი მედიის გაჩუმების კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც ამ კანონშია ჩადებული სანქციებია. ყველა დანარჩენი კანონდარღვევისგან განსხვავებით, ახალი რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში მარეგულირებელი უფლებამოსილია ტელევიზიას ლიცენზია შეუწყვიტოს.
მედიაორგანიზაციების გარდა, კანონში საფრთხეებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, მარეგულირებელი ხელისუფლებას აწვდის მედიის გაჩუმების მთავარ იარაღს და ამას ბავშვთა უფლებების დაცვის სახელით აკეთებს.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა" და "დემოკრატიული ინიციატივას" წარმომადგენლების განმარტებით, მარეგულირებელი არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას კონტეტის შინაარსში ჩარევის უფლება არ აქვს.
"მთავარი არხი", "კავკასია" , "ტვ პირველი", "ფორმულა" და "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი". კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს კითხვებით მიმართავს და კონკრეტულ პასუხებს სთხოვს რა ეკრძალება მედიას ახალი კანონით.
მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პროგრამები, რომელიც შეიძლება მოზარდებისთვის იყოს შეუსაბამო განმარტებულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსით და მისი დაცვა ყველა ტელევიზიისთვის 2009 წლიდან სავალდებულოა.
კომისიაში არ განმარტავენ, რატომ გახდა საჭირო ახალი რეგულაციების ჩამატება კანონში, თუ მოზარდთა ინტერესები უკვე გათვალისწინებული იყო და თან ახალ კანონს ცენზურასთან კავშირი არ აქვს.
სოფიო კილაძემ, რომელმაც კახა ბექაურს ახალი კანონის შემუშავების გამო მადლობა Facebook-ით გადაუხადა "მთავარ არხთან" განმარტებების გაკეთება არ ისურვა.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ახლა სარჩელს ამზადებენ, რომელსაც უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.