პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ნათქვამია, რომ 14 წლის აითაჯ შახმაროვამ, ქორწინების იძულების მიზნით გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა და დედას ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა დედამაც და ბიძამაც ჩათვალეს, რომ ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოკლული გოგონას დედას ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდებულია ბიძაც, რომელიც პოლიციამ დააკავა, დედის დაპატიმრების შუამდგომლობა კი რუსთავის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
გოგონას მკვლელობაში კი მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო.