"საქართველო დღეს შედარებით პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს", - განაცხადა დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა ექს-პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.
"საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთს არ თვლის მეგობარ ქვეყნად, არამედ მიიჩნევს მას, ვთქვათ, პარტნიორად. ამასთან, ოფიციალურად, იგივე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უარს არ ამბობს თავის პრეტენზიებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა კარგად იცის, რომ ისინი არასოდეს დაბრუნდებიან. მეჩვენება, რომ ის უკვე შეეგუა გარდაუვალს, მაგრამ ჯერჯერობით არავის აქვს პოლიტიკური ნება საჯაროდ აღიაროს ეს, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის კარიერის დასასრული იქნებოდა. ასეთი ადამიანი მაშინვე გახდება ქართველი ხალხის მტერი. ქართველებს ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მათ არასოდეს დაუბრუნდებიან, მაგრამ მათ ეს მაინც გულწრფელად სურთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.
ბიბილოვი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა "დაეთანხმოს ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ხელი მოაწეროს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ" და ასევე "აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი".
"ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის რიტორიკა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომლითაც თავად აფხაზები და ოსები დაბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ ეს ფუნდამენტურად ტყუილია! რა თქმა უნდა, ეს არასდროს მოხდება", - აღნიშნა ბიბილოვმა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს მიერ ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნაზე რუსეთის წინააღმდეგ.
"ეს იქნება "მეორე ფრონტი" რუსეთისთვის, მაგრამ თავად საქართველოსთვის? ერთი ფრონტი სამხრეთ ოსეთია, მეორე – აფხაზეთი, მესამე – რუსეთი. აქ ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც კი ვერ დაგეხმარებიან. მეტიც, საქართველოს ტერიტორია მასშტაბით შორს არის უკრაინის ტერიტორიისგან", - განაცხადა ბიბილოვმა.
"ოცნების" ხელისუფლებას აქებს მეორე სეპარატისტი ლიდერი, ასლან ბჟანიაც.
"პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა", - ამბობს ბჟანია.
ბჟანიას თქმით, რომ "აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან".