ვინ მიდის და ვინ რჩება? ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა "ევროპული საქართველოს"
ახალციხის ორგანიზაციის არც ერთ წევრს ღიად არ სურს. მოგვიწოდებენ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, რადგან უახლოეს დღეებში მათი პოზიცია ყველასთვის ღიად გახდება ცნობილი.
პარტიიდან გასარიცხთა სიის სათავეში უკვე ცნობილია, რომ ორგანიზაციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე მოხვდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გელა დემეტრაძეს მოუწოდებენ, განცხადება დაწეროს და დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგეს. "ევროპული საქართველოს" კურატორი სამცხე ჯავახეთში "მთავარს" ეუბნება, მას მმართველობითი ხარვეზები აქვს და ხვალ უკვე ახალ თავმჯდომარეს წარადგენენ.
"ევროპულ საქართველოში" გელა დემეტრაძის მმართველობითი ხარვეზები მას შემდეგ დაინახეს, რაც ორი დღის წინ მან "ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთ ლიდერთან, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა გამართა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც "ევროპული საქართველო" საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გეგმავს. დემეტრაძე ამბობს, რომ ჩიტაშვილის წინააღმდეგ ვერ იმუშავებს, რადგან ის ახალციხეში უკონკურენტოა.
"ევროპული საქართველოს" იმ წევრებს, რომლებსაც პარტიიდან ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერის გამო გაუშვებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" ელიან. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
ის ვის გამარჯვებაზეც ფსონს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოს" წევრთა ნაწილი დებს,
დაპირისპირებებში საკუთარ ადგილს ვერ ხედავს. ვაჟა ჩიტაშვილი ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილთან ერთად მოქალაქეებს ნამდვილად შეხვდა თუმცა, პარტიის რიგებიდან მათთვის წამოსვლა არავის უთხოვია. ჩიტიშვილის თქმით, "ევროპული საქართველოს" წევრებიც მისი მეგობრები არიან და გამარჯვებას ერთობლივად იზეიმებენ.
"ევროპული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციაში სამასამდე წევრი ირიცხება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება, რამდენი მათგანი შეურთდება "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს და როგორი იქნება პოლიტიკური ვითარება არჩევნებამდე ორი თვით ადრე სამცხე ჯავახეთში.