პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს მნიშვნელოვან პრობლემას | თევზაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა - განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველმა, დავით თევზაძემ გააკეთა:

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა" განაცხადა თევზაძემ.  

პრეზიდენტს თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნებიც აქვს, რაც მათ შორის, ეხება ეროვნული თავდაცვის საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოებს შორის კოორდინაციას:

"ამავე ტექსტში გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი.

სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირერიცხობრივი კონტიგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასევე დამაფიქრებელია, მითუმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისათვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა, საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი.

ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას" აღნიშნა დავით თევზაძემ. 

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით 21 სექტემბერს მიიღო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი