მოლდოვამ რუსეთს ოფიციალურ დონეზე პირველად უწოდა ეროვნული საფრთხე, - ეს ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის ახალ დოკუმენტშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოსკოვი მოლდოვის "სახელმწიფოებრიობის განადგურებას" გეგმავს.
უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გუშინ, ოთხშაბათს წარადგინა და იგი პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.
"რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში წარმოადგენენ საფრთხის ყველაზე საშიშ და მუდმივ წყაროს, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება მძიმე გავლენა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის კეთილდღეობაზე", - წერია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრით აპირებდა, რომ მოლდოვის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი გაეჭრა, რითაც მოლდოვის კონსტიტუციური წყობის ძალადობის გზით შეცვლის წინაპირობას შექმნიდა.
მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს სწორედ რუსეთი წარმოადგენს. მისივე თქმით, ახალი დოკუმენტი ხაზს უსვამს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირის ქვეყნებთან, ამერიკასთან, დიდ ბრიტანეთთან და NATO-ს ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებთან.