დისკრიმინაციული კარანტინი - საქართველოს მოქალაქეები 2 კვირიან კარანტინს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს იმ მოქალაქეებს უპასუხა, ვინც საქართველოს მთავრობას დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივიან.

„შეკავების პოზიციაა“ -  ასე ხსნის გამყრელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის 12-დღიან სავალდებულო კარანტინს.

გერმანიაში მცხოვრები არქიტექტორის საჩივრის შემდეგ სავალდებულო კარანტინი საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთმა მოქალაქემ გაასაჩივრა. ნატალია ფარცხალაძე, რომელსაც პარიზიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ამბობს, რომ სავალდებულო კარანტინის გავლა დისკრიმინაციულია, რადგან მასთან ერთად ჩამოსულ ტურისტებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.  

ნატალია ფარცხალაძის ინტერესებს  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს. იურისტი ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობას 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული ნორმების გაუქმება ვირუსის გასაკონტროლებლად კონტროლის მოხსნას არ გულისხმობს.

სავალდებულო კარანტინის გავლა რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს არ უწევს და შერჩევის პრინციპი მოქმედებს ეს საკუთარ თავზე  „მთავარი არხის“  ჟურნალისტმა გამოსცადა. დავით ერაძე გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინს ერთ-ერთ სასტუმროში გადის,  თუმცა,  ამბობს, რომ მასთან ერთად დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა აეროპორტი უპრობლემოდ დატოვა. 
მისივე თქმით, თვითიზოლაციაში გადაყვანას ითხოვდა, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, თუმცა, მას ამის უფლება არ მისცეს. ამბობს იმასაც, რომ კვების რაციონი, რასაც სასტუმრო სთავაზობს, მას ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის.

საქართველოს მთავრობა რომ ადამიანის უფლებებს არღვევს და სავალდებულო კარანტინს თავის სასარგებლოდ იყენებს ამაზე ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ. მათთვის სავალდებულო კარანტინთან დაკავშირებით მთავრობის მაღალჩინოსნების განმარტება სრულად ალოგიკურია და ამბობენ, რომ ხელისუფლება რეალურად ამ გზით ფულს არამიზნობრივად ხარჯავს.

არ არის გამორიცხული, რომ სავალდებულო კარანტინთან დაკავშირებით სასამართლო დავა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდეს. მოქალაქეები თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი