"ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ მათი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები წარადგინა. მისი თქმით, ქვეყნის 40 მუნიციპალიტეტში რეანიმობილი ხელმისაწვდომი არ არის, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 22 ერთეული რეანიმობილი გვყავს.
"ჩვენმა გუნდმა ჩაატარა კვლევა და ეს კვლევა არის იმ საჭიროებებზე, იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს არა თუ ტექნიკური აღჭურვილობა, რეანიმობილი არამედ არავითარი ელემენტარული საშუალება არ აქვს იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს.
ჩვენი კვლევის დასკვნა მინდა წარმოგიდგინოთ და მოვითხოვოთ, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ისეთ მაღალმთიან ადგილებში, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ მიიღონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, უნდა იყოს სპეციალური რეანიმობილები, კატასტროფის ბრიგადები, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ადამიანს, დაიცვას თავისი ჯანმრთელობის უფლება და რაც მთავარია, გადაარჩინოს სიცოცხლე, იმიტომ, რომ არსებობენ ოჯახები, არსებობს შემთხვევები, როცა სწორედ რეანიმობილის დაგვიანების გამო ადამიანების გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა", - ამბობს დეკანოიძე.