
დღეს რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს 2-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 2 მაშველი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ დაზიანდა სახანძრო-სამაშველო მანქანაც.
"ნიკოპოლის მაშველებმა შუადღისას მიიღეს შეტყობინება დაბომბვით გამოწვეული ხანძრის შესახებ. გაჩერებაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა მისი ჩაქრობა დაიწყეს. ამ დროს რუსებმა ისევ გაისროლეს. შედეგად ორი მაშველი დაიჭრა," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნიკოპოლს მძიმე არტილერიით და კამიკაძე დრონით 12 ოქტომბერსაც შეუტია. დაზიანდა 2 სასტუმრო, მაღალსართულიანი კორპუსი, 9 კერძო სახლი, 5 სამეურნეო შენობა, ავტოფარეხი, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.