14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე, პოლიციამ კიდევ 2 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა - 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის - ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს." აცხადებს შსს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო.
შეგახსენებთ, რომ აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.
იხილეთ: