შეერთებულმა შტატებმა პირველად, პირდაპირ დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში. ვაშინგტონის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ 7 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, იქიდან კი ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში გადაიტანეს.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, სატელიტის ფოტოები, რომელიც ფაქტს ადასტურებს.
„ჩვენ ვგმობთ ამ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და რუსეთის უკანონო ომის გასაგრძელებლად - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი ახალი მიწოდების მონიტორინგს.