
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინელები ეფექტურად და გონივრულად იბრძვიან და ისინი წარმატებას მიაღწევენ.
მისივე თქმით, რუსების ახალი შეტევა დონბასში, ლიმანისა და ავდიივკას რაიონებში მოულოდნელი არ ყოფილა.
"რუსეთის ხელისუფლება არ ითვალისწინებს საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეს და ნებაყოფლობით სწირავს მათ მიზნების მისაღწევად. უკრაინა, პირიქით, ეფექტურად და გონივრულად იბრძვის..უკრაინელები ბევრს მუშაობენ შეტევითი მანევრების მოსაგერიებლად. ისინი წარმატებას მიაღწევენ. რუსული შენაერთების პროგრესი, იქაც კი, სადაც ის არსებობს, ძალიან მწირია", - განაცხადა კირბიმ.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.