ბიზნესმენი, რომელიც ღარიბაშვილს რუსეთის ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში ეხმარება | "ოცნებისა" და პუტინის რეიტინგზე ერთი PR კომპანია ზრუნავს

გამოქვეყნდა:

2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის ქართულ ოცნებას არაერთი პიარ ორგანიზაცია ჰყავდა დაქირავებული.  ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს ხელისუფლების შეცვლაში, მათ შორის, რუსული  პიარ საკონსულტაციო  კომპანია "ნოკოლო ემ" ეხმარებოდა. მის დამფუძნებლებს შორის  ერთ-ერთი გიორგი ღამბაშიძეა. ქართველი ბიზნესმენი, რომელიც 90-იანი წლებიდან რუსეთში მოღვაწეობს და დღემდე დიდი გავლენებით სარგებლობს. 

ნიკოლო ემ- ის ვებგვერდზე  ოფიციალურად იძებნება ინფორმაცია კომპანიის 2012 წელს წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობის შესახებ. პროპაგანდისტული ორგანიზაცია, გავლენიანი დამფუძნებლებით რუსეთში 90- იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, მმართველ პოლიტიკურ ძალას ეხმარებოდა და პუტინის რეიტინგის აწევაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. 

"ოცნებაში" არავინ აღიარებს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიის გარკვეულ ნაწილს  ოკუპანტი ქვეყნიდან უგეგმავდნენ. ჩვენ ვცადეთ ჩაგვეწერა ის პოლიტიკოსები და  ექსპერტები, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილის გუნდში იყვნენ, თუმცა არავინ დაგვთანხმდა. გვითხრეს რომ არც ნიკოლო ემ -ის და არც გია ღამბაშიძის შესახებ არაფერი იციან. 

ინფორმაციის გადამოწმება  ვაკა გორგილაძესთან ვცადეთ. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მაგრამ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ გორგილაძის ჩართულობა ქართული ოცნების პიარ კამპანიაში  ტყუილი ვერ იქნება. 

მივედით გია ღამბაშიძესთანაც.  ჩვენი ინფორმაციით, როდესაც ის თბილისში ჩამოდის, მისი დის კუთვნილ ბინაში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ცხოვრობს. რამდენიმედღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, დავურეკეთ. 

ბიზნესმენ ღამბაშიძესთან, როგორც საკუთარ თავს უწოდებს,  მის გავლენებზე გვქონდა კითხვები. ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ღამბაშიძე შუამავალია მათსა და პირადად საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.  

გია ღამბაშიძე, რომ ღარიბაშვილების ახლო გარემოცვის წევრია ეს ყველამ იცის. მისი ეს კავშირები ბიზნეს- საქმიანობითაც დასტურდება.  "შპს ნახიდური ჰესი" - 2019 წლამდე  ამ კომპანიაში  ღამბაშიძეს წილები ტარიელ ღარიბაშვილთან ერთად ჰქონდა. ამ უკანასკნელმა  შვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ საკუთარი პროცენტები ღამბაშიძეს დაუთმო.  

 ნახიდური ჰესში 20%- ს ფლობდა უჩა მამაცაშვილის კომპანია "მიდლ სის კაპიტალი", რომელმაც საკუთარი წილები ასევე გია ღამბაშიძეს გადაუფორმა.  ეს არ არის ერთადერთი კომპანია, საიდანაც რუსი ბიზნესმენის   საქართველოს ხელისუფლების გავლენიან პირებთან კავშირები დგინდება. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სტუდია  მონიტორმა საინტერესო დეტალები რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. ღამბაშიძის კომპანია სახელმწიფოსგან მილიონობით ლარს იღებს დღემდე მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესები მამაცაშვილთან და ღარიბაშვილებთან ერთად აქვს. 

გია ღამბაშიძე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და სარგებლობს როგორც ქართული, ასევე რუსული პასპორტით ახლა საქართველოში იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებზეც ქართულ ოცნებას დაეხმარება და ოკუპანტ ქვეყანაში მის მიერ დაფუძნებული პიარ კომპანიაც აქტიურად იქნება ჩართული ქართული ოცნების კამპანიის დაგეგმარებაში. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი