დედოფლისწყაროს სოფელი ხორნაბუჯში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას 50 წლამდე მამაკაცს ჯგუფურად ჩაუსაფრდნენ, მანქანით გაიტაცეს და ბეისბოლის ჯოხებითა და რეზინის ხელკეტებით, თვითმხილველის თანდასწრებით სცემეს.
ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორად ნაცემი მამაკაცი - გიორგი ბექაური, პრემიერ ღარიბაშვილის უახლოეს ნათესავს, ზურაბ გონაშვილს იგივე "კაკაშას" ასახელებს და "მთავარ არხთან" დეტალურად ყვება, თუ რატომ გაუსწორდა "კაკაშას" დაჯგუფება.
ე.წ კახური კლანის წევრების მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი ანგარიშსწორებას წარსულში მომხდარ გაუგებრობას უკავშირებს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ბექაური "კაკაშას" ვალის დაბრუნებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. როგორც დაზარალებული მთავარ არხთან იხსენებს, ის ღარიბაშვილის ნათესავის ერთ-ერთი სახლის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და კაკაშას მისთვის თანხა უნდა გადაეხადა, თუმცა სამუშოს დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც, პრემიერის ბიძა ფულს არ აძლევს.
პრემიერის მფარველობაში მყოფი "კაკაშა" ბრალდებებს არ აღირებს და ხუმრობის ხასიათზეა.
გიორგი ბექაურის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციამ მოძალადეების ნაცვლად, ნაცემი ბექაური დააკავა და გამოძიება მის წინააღმდეგ დაიწყო.
საგამოძიებო უწყება არც თვითმხილველებით დაინტერესებულა და არც მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერები ამოუღია, რომლის მეშვეობითაც პოლიციელები მარტივად დაადგენდნენ მოძალადეებს.
რამდენიმე თვის წინ ,როდესაც მთავარი არხის გადამღები ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიური სახლის კადრებს იღებდა, კითხვებით შეწუხებულმა პრემიერის ოჯახმა ადგილზე "კაკაშა" გამოიძახა, რომელმაც ჟურნალისტებისთვის მანქანის დაჯახება ორჯერ სცადა. გამოძიება არც ამ ფაქტით დაინტერესებულა.
ნაცემი ბექაურის პროცესი კი სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება. შეასრულებს თუ არა რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხელისუფლების მორიგ დაკვეთას და გამოაცხადებს თუ არა ნაცემ კაცს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, სასამართლოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ავტორი: ია გულიაშვილი