კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გაცილებით მეტია, ვიდრე მორიგი ესკალაცია რეგიონის მასშტაბით. ის თავისი არსით ცივილიზაციური კონფლიქტია და უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის პირდაპირი გაგრძელებაა. არც ისაა შემთხვევითი, რომ "ჰამასისა" და სხვა რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების
დაფინანსების უკან სწორედ რუსული კვალი იკვეთება, საიდანაც სწორედ თავდასხმის წინა დღეებში ასეულობით მილიონი დოლარი გადაირიცხა ტერორისტების ანგარიშებზე.
ცხადია, "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ფინანსურ და საორგანიზაციო მხარდაჭერას აგრძელებს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, ირანის ისლამური რესპუბლიკა. არც პუტინს დაუმალავს ამ ომით აღფრთოვანება და სწორედ გლობალური დაპირისპირების ამ ახალი კერის გაღვივების შემდეგ გაბედა სამალავიდან გამოსვლა.
ეს ავტორიტარული სამყაროს შეტევაა თავისუფალ დემოკრატიულ სამყროზე. და ამ თავისუფალი სამყაროს მარცხი, როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში, გლობალური მასშტაბით კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. დაახლოებითი ისეთი, როგორც მაგალითად, ანტიკური ოქროს ხანიდან ბნელ შუა საუკუნეებში ისტორიის გადანაცვლება იყო.