ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი დგას ერთგულ მსახურებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც პირადი სარგებლის სანაცვლოდ მზად არიან, წავიდნენ ისტორიის, ხალხის ნების და საღი აზრის წინააღმდეგ. მედროვეთა ეს კატეგორია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ჩვენს დროში მათ სახასიათო ნიშან-თვისებებს კიდევ ერთი დაემატა. მაგალითად, საკუთარ ოჯახის წევრებს და ქონებას დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში ხიზნავენ ხოლმე და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათივე სამშობლო იყოს ცივილიზებულიც, მდიდარიც და ღირსეულიც.
ვხვდებით ასევე ანომალიურ ფენომენს, როცა ავტორიტარული რეჟიმის მსახურები ამ დასავლურ ქვეყნებში თავშესაფარს ეძებენ. გასულ კვირას რეჟიმის მსახური მედროვეების გამოსააშკარავებლად და მათი საქმეების მხილებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა შეიქმნა.
ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული დანაშაულების გამოსააშკარავებლად ბევრს აკეთებენ ჟურნალისტებიც, და კიდევ უფრო მეტს თავად ეს ხელისუფლები. მათი დიდი ნაწილი უკვე აღარც კი მალავს, რომ მილიონერი გახდა და ქვეყანასაც დაუფარავად მიათრევს რუსეთისკენ. მაგრამ კორუფციაც და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაც ის სენია, რომელიც სიმსივნესავით ვრცელდება და ბოლოს ამ ორგანიზმის, სახელმწიფოს საბოლოო დაღუპვასაც იწვევს.
ხოდა ვიდრე ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ აღმოჩენილა ისტორიის სანაგვეზე, და ვიდრე ამ სიმსივნეს ყველაფერი გაუნდაგურებია, მონა.ჯი ის ადგილი იქნება, სადაც რეჟიმის მსახურები უნდა ამხილონ, და რაც მთავარია, მათი საგმირო საქმეების შესახებ მთელს ცივილზიებულ სამყაროს აცნობონ.