პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ქვეყნის მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი უკვე დააფიქსირეს და ქვეყანაში საარჩევნო უბნები დახურულია. პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესმა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით ჩაიარა.
"ასეთი აქტივობა არ მახსოვს. ყველაზე მაღალი აქტივობა, 63%, 1989 წელს იყო. 2019 წელს აქტივობის მაჩვენებელი ამ შედეგს უახლოვდებოდა, მაგრამ, ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელბია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საბოლოო აქტივობა, შესაძლოა, 70%-მდე იყოს", - თქვა მან.
პოლონეთში მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა" ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის. მისი მთავარი კონკურენტი ოპოზიციური კოალიციაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი მართავს.
პოლონეთში ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.
პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი 15 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურა.