საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში | ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია

გამოქვეყნდა:

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრა დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი. მედია კი Ipsos-ის ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს:

  • კანონი და სამართლიანობა (PiS): 36.8%
  • სამოქალაქო კოალიცია (KO): 31.6%
  • მესამე გზა: 13%
  • მარცხენა (ლევიკა): 8.6%
  • კონფედერაცია: 6.2%

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესმა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით ჩაიარა.

"ასეთი აქტივობა არ მახსოვს. ყველაზე მაღალი აქტივობა, 63%, 1989 წელს იყო. 2019 წელს აქტივობის მაჩვენებელი ამ შედეგს უახლოვდებოდა, მაგრამ, ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელბია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საბოლოო აქტივობა, შესაძლოა, 70%-მდე იყოს", - თქვა მან. 

ცნობისთვის, პოლონეთში მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა" ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის. მისი მთავარი კონკურენტი ოპოზიციური კოალიციაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი მართავს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.

პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი 15 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი