პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე როგორი განწყობა აქვს, რა გადაწყვეტილებას ელოდება პასუხობს:
"როგორც ყოველთვის, კარგი".
მას მედიასთან დამატებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პრიცესს იწყებს. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია." 22 სექტემბერს საკონსტიტუციომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში მიიღო.
საქმე მოსამართლეებმა ზეპირი მოსმენით განიხილეს. პრეზიდენტი პროცესებს არ ესწრებოდა, მის ინტერესებს სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი, მაია კოპალეიშვილი იცავდნენ. "ქართული ოცნების" მხირდან სხდომებში მონაწილეობდნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პლენუმი მხარეების პოზიციების სამი დღის განმავლობაში ისმენდა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. იპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმაა საჭირო.