14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. ისინი ბრალს აღიარებენ.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. უწყება ამბობს, რომ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

"მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს", - წერია განცხადებაში.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი