ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
"ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერმინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერმინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით – განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერმინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას", - განაცხადა რობინ დანიგანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.