მოვუწოდებ ზურაბიშვილს, თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის, მარტო ჯდომით | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს. კობახიძის თქმით, მან "იუზრდელა" დეპუტატების მიმართაც, მაგრამ "ესეც მისი პრობლემაა."

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტს ასევე მოუწოდებს, რომ "თავს ნუ ისაწყლებს," რადგან მისი გადაყენების პერსპექტივა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია.

"არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ, ნუ, აქ რაღაც შეიძლება ნაკლები ეკადრა, ასე ვთქვათ. გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. გამოიყენა უხეში ტერმინები - "სირცხვილია" და ა.შ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის, შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს კონსტიტუციის მიხედვით, ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს? ნუ, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ესეც მისი პრობლემაა და მისი საქმეა", - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და მათ აქვთ სრული კოორდინაცია.

"საოცარი განცხადება გააკეთა მან [ზურაბიშვილმა] გუშინ, ასეთი რამ უთხრა რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, უფრო ძლიერ სურათისთვის მე მარტო დავრჩებიო, თქვენ გარეთ გადითო. ერთად დგამენ "კარწინკას", ამ სიტყვას გამოვიყენებ, სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა. დავიდა ნაცმოძრაობამდე სალომე ზურაბიშვილი. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ სამარცხვინო ქმედებაა... მე მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის, მარტო ჯდომით, ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა არის პრაქტიკულად ნულის ტოლი", - თქვა მან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი