სახალხო დამცველმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებების სამართლებრივი შეფასება სთხოვა.
ომბუდსმენის აპარატის თანახმად, მიმართვის წერილში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ "წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება".
გუშინ, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პარლამენტმა მორიგი რუსული კანონი 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტი "ოცნებამ" დაჩქარებული წესით განიხილა და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადება დაასახელა, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება".