"ქართულმა ოცნებამ" მიზანს ვერ მიაღწია. სალომე ზურაბიშვილი პოსტზე რჩება და მინიმუმ კიდევ ერთი წელი ხელისუფლებას ფაქტობრივ ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტთან მოუწევს ურთიერთობა. მმართველ პარტიას, წინასწარ პროგნოზზე მეტი რაოდენობის ხმები დააკლდა - ზურაბიშვილის გადადგომას მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა "ქართული ოცნება" პროცესით კმაყოფილია. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ იმპიჩმენტის პროცესის პოლიტიკური ნაწილის ჩავარდნის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონდარღვევის დადასტურება საქართველოს პრეზიდენტის იმიჯს უმძიმეს დარტყმას აყენებს.
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ კონფლიქტი ამით არ დასრულდება. ირაკლი კობახიძე, რომელიც მოელოდა კენჭისყრის ასეთ შედეგს, ზურაბიშვილს სისხლის სამართლებრივ დევნასაც ჰპირდება, თუ პრეზიდენტი ვოიაჟებს გააგრძელებს. "ქართული ოცნება" არ აპირებს, შეეგუოს გავლენიან პოლიტიკოსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კლანის ნებართვის გარეშე მოქმედებს. სხვათაშორის, ოლიგარქი დღეს პრეზიდენტს არ უხსენებია - და ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის მორიგ საგნად იქცა - ოპოზიციის პოზიციასთან ერთად. ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ტანდემის გაფორმების ალბათობაზე პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ბევრს საუბრობენ.