
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლის დროს ისინი საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირეს. მოქალაქე, რომელმაც ორი დღის წინ ოკუპირებული სოხუმიდან წამოსული დეპუტატები დაინახა, „მთავარ არხთან“ იხსენებს, რომ ინაშვილი და თარხან-მოურავი ე.წ. გამშვებ პუნქტთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო ავტომობილმა მიაცილა.
ენგურის ხიდზე მყოფი მოქალაქე არ არის ერთადერთი, ვინც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ადასტურებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელი „მთავართან" ამბობს, რომ ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვლის შემდეგ , რუხიდან პირდაპირ განმუხურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. ქართველი სამართალდამცავები კი ამ ფაქტზე საუბარს თავს არიდებენ.
"მთავარი" დაუკავშირდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს გიორგი ლომიას, რომელმაც გასაიდუმლოებულ ვიზიტთან დაკავშირებით არ ისაუბრა და მხოლოდ ის თქვა, რომ მისი თანაგუნდელები ამ დროისთვის აჭარაში იმყოფებიან.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების გასაიდუმლოებულ ვიზიტს პაატა დავითაია ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ მათი ოკუპირებულ რეგიონში გადასვლა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დავუკავშირდით, სადაც თქვეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებდნენ. ამ დრომდე უცნობია, რა მიზნით იმყოფებოდნენ ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი