ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს | SJC

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" [SJC] ავრცელებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი ბებუას ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, იგი ახლა უფრო დამძიმებულია.  

"აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე კი, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, მისი მდგომარეობა ახლა დამძიმებულია. ირაკლი ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას. აფხაზეთში პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა, თუმცა, გამოკვლევები არ არის სრულყოფილი შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, იმის გამო, რომ ვერ ხდება დაავადების შესაბამისი გამოკვლევა, ვერ ინიშნება სათანადო და ადეკვატური მკურნალობაც. ირაკლი ბებუას მდგომარეობა მუდმივად მძიმდება, ამ პერიოდში მას აქვს მძიმე ტკივილები თავისა და წელის არეში და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა", - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, SJC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს: 

  • გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით;
  • გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით;
  • ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს "აფხაზური დროშის" დაწვისთვის დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. SJC წერს, რომ ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებამდე 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი. 

მათივე ცნობით, ირაკლი ბებუას ოჯახს სისტემატური კონტაქტი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მისი საკითხი განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, ირაკლის განთავისუფლებაზე ხელისუფლება დე-ფაქტო ორგანოებთან შეთანხმებას ვერ აღწევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი