"მთვარი არხის" ჟურნალისტი დაკითხვაზეა დაბარებული. გიგლა თუმანიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მან პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა "მთავარის"
ექსკლუზიურად ცნობილი მიმოწერა გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, გურამ ამირხანაშვილსა და პოლიციის ოპერატიულ თანამშრომლებს შორის. ტელეფონი, რომელიც "მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, სწორედ, გამომძიებლებმა მისცეს ამირხანაშვილს უშუალოდ მათთან საკონტაქტოდ ამ დრომდე "მთვარის"ოფისში ინახება. გამოძიება არ ჩქარობს ნივთმტკიცების შესწავლას და კითხვებსაც ამ ისტორიაზე მომუშავე ჟურნალისტს, გიგლა თუმანიშვილს ხვალ დაუსვავს.
"მთავარი არხის" ექსკლუზივი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. საიდუმლო მიმოწერა, რომელიც ამ დრომდე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის უცნობი დეტალი იყო, სწორედ "მთავარმა" გაასაჯაროვა, საქმის "ოქროს მოწმის" გურამ ამირხანაშვილის სატელეფონო ესემეს მიმოწერა მნიშვნელოვან ფაქტებს მოიცავს. ტექსტური შეტყობინებები ეხება, როდესაც ნახალოვკის დაჯგუფების 5 წევრს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა. საქმის საიდუმლო გარემოებებზე დღეს ბრალდებულთა ადვოკატები დროულ გამოძიებას ითხოვდნენ.
გურამ ამირხანაშილის საიდუმლო მიმოწერა, სავარაუდოდ, გამოძიების ოპერატიულ თანამშრომელთან 10 აგვისტოდან იწყება, საერთო ჯამში კი "ოქროს მოწმე" 15-მდე ესემეს გზავნილს აკეთებს, რომელთა შინაარსი ძირითადად იმას უკავშირდება თუ რა ილაპარაკოს მოწმემ საჯარო საქმის გარემოებებზე. ამირხანაშვილის SMS-ის ადრესატისგან პასუხად გაფრთხილებას და მუქარას იღებს, თვითმხილველს პატიმრობით ემუქრებიან.
ეს საიდუმლო მიმოწერა საგამოძიებო უწყებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო, უწყებამ "მთავარი არხისგან" გაიგო, რომ მოწმე ამირხანაშვილი დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა, პარალელურად დღეს შაქარაშვილის საქმიდან ის საიდუმლო ჩვენება გასაჯაროვდა, სადაც გურამ ამირხანაშვილი საკუთარ ჩვენებაში ახალ გარემოებებზე საუბრობს. შაქარაშვილის მეგობარი მომხდარიდან 2 თვის თავზე იმ მნიშვნელოვან გარემოებეზე ყვება, რომელიც მის "ტოიოტა ქამრით" თბილისამდე მგზავრობის ეპიზოდს უკავშირდება.
სავარაუდოდ, ჩვენების ეს ეპიზოდი გახდა მიზეზი, რის გამოც 5 ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხით დაუმძიმეს ბრალი. თუმცა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებაში საინტერესო კიდევ ერთი ეპიზოდია. მოწმე ტრაგიკული ღამის პერიოდს იხსენებს, როდესაც მდევრებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ამირხანაშვილი ყვება, რომ მცხეთის მაგისტრალზე მდგარი ფერადი შენობის უკან ჩავარდა, კონკრეტულად კი ადგილს ჩვენებაში მოწმე არ აკონკრეტებს, თუკი შაქარაშვილის მეგობარი იმ ხევს გულისხმობდა, რომელიც მდინარის თავზეა, მაშინ, რთული წარმოსადგენია იქ ჩავარდნილი ადამიანი სიკვდილს გადაურჩეს.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში "ოქროს მოწმის" სულ 5 ჩვენება დევს. გურამ ამირხანაშვილის ხუთივე მონაყოლის ისტორიის შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავებულია, განსაკუთრებით საყურადღებო ის არის, რომ ხუთივე ჩვენების ახალი დეტალები უმნიშვნელოვანეს ფაქტებს მოიცავს, წესით საქმის მთავარ მოწმეს პირველი დაკითხვის დროს მნიშვნელოვანი ფაქტები არ უნდა გამორჩენოდა. რას იტყვის გამოძიება ჯერ უცნობია, შესაძლოა საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ დადგინდეს, რომ გურამ ამირხანაშვილმა ჩვენებები კონკრეტული პირების მითითების საფუძველზე შეცვალა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.