ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც რიში სუნაკმა კოლეგას მხარდაჭერა აღუთქვა.
"ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, დაიბრუნოს მძევლები, შეაჩეროს შემდეგი თავდასხმები და გააძლიეროს უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა რიში სუნაკმა შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, მას სურს რომ ისრაელმა ამ ომში გაიმარჯვოს.
"ჩვენ ვიცით, რომ "ჰამასის" ტერორისტებისგან განსხვავებით, თქვენ ყველაფერს აკეთებთ რათა თავიდან აიცილოთ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი. ჩვენ ასევე გვესმის, რომ პალესტინელი ხალხიც "ჰამასის" მსხვერპლია. [...]
მე ვამაყობ, რომ აქ, თქვენთან ერთად ვდგავარ ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს, როგორც ისრაელის მეგობარი. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად, თქვენს ხალხთან ერთად და ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ", - ამბობს სუნაკი.
ნეთანიაჰუმ სუნაკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა ისრაელთან ერთად მთელს ცივილიზებულ სამყაროსაც ეხება.
"ბატონო პრემიერმინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ამ ომის დაწყებისთანავე. ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი", - ამბობს ნეთანიაჰუ.
შეგახსენებთ, რომ რიში სუნაკი ისრაელში დღეს ჩავიდა.