სოციალურ დახმარებად შენიღბული პროგრამები - "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ისევ იწყებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ისევ ამომრჩევლის მოსყიდვას იწყებს. სოციალურ დახმარებად შენიღბული პროგრამები, რომლებსაც, პრაქტიკულად ყოველ კვირა აანონსებს ხელისუფლება უკვე აშკარად გახდა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. კომუნალური ხარჯების სუბსიდირების და ბავშვთა დახმარების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა ონკოლოგიური პაციენტების უფასო მკურნალობის პროგრამა დააანონსა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ არჩევნების პარალელურად ასეთი პროექტების ინიცირება ადმინისტრაციული რესურსის და საბიუჯეტო სახსრების უკანონო და პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯვაა - რაც ჩვეულებრივ ენაზე ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს.

200 ლარიანი დახმარება  17 წლამდე მოზარდებს, უფასო მკურნალობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს, ფულადი დახმარება სოციალურად დაუცველებს, დახმარება თვითდასაქმებულებს. ეს ის სოციალური პროგრამებია, რომელსაც  "ქართული ოცნება" არჩევნებამდე  ცოტახნით ადრე წამოიწყო.  მთავრობის მიერ დაგეგმილი დაპირებების ჩამონათვალი ვრცელია. საპარლამენტო არჩევნების  მოახლოებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სახელით  კიდევ უფრო მეტ დაპირებას აანონსებს.

"ქართული ოცნების" დაპირებები ასეთი ვრცელი არასდროს ყოფილა -  ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიცია ეკონომიკის სფეროში მძიმე პროცესებს პროგნოზირებს და სამომავლოდ სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.  ხელისუფლების ოპონენტები  ხალხის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ  და ეჭვობენ,  რომ ბიუჯეტის ფული  "ქართულმა ოცნებამ" არა მოსახლეობის დასახმარებლად, არამედ 2020 წლის არჩევნებისთვის, ამომრჩევლის მოსასყიდად შემოინახა. 

პრემიერ მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი დაპირება გააჟღერა, გიორგი გახარია ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას უფასოს ხდის. ის რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობა ქვეყანაში დიდი პრობლემაა ამას დაავადებულთა ციფრიც ადასტურებს, დღეს მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს აჭარბებს.  სამედიცინო სფეროს ექსპერტები "მთავართან"  საუბრისას  იხსენებენ   თუ რამდენით გაიზარდა ბოლო წლებში ამ დაავადებების მქონე ადამიანების რიცხვი, თუმცა ისინი აქამდე ხელისუფლებას არ გახსენებია.

ფაქტი, რომ საბიუჯეტო თანხა აღმშენებლობის პროექტებზე გონივრულად განაწილების ნაცვლად მხოლოდ სოციალურ ერთჯერად პროექტებზე იხარჯება, აღშფოთებთ ეკონომისტებს. ექსპერტებს "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულმა დაპირებებმა 2018 წელს ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება,  ვალების განულება გაახსენა,რომელიც მხოლოდ მორიგ დაპირებად დარჩა.

არჩევნებამდე ორი თვე რჩება. "ქართული ოცნება"  ხალხის ფულს ისევ ხალხს დაურიგებს,  ზრუნვა ხალხზე თუ ძალაუფლების შენარჩუნებაზე,  "ქართული ოცნება" გეგმას არჩევნების მოახლოებასთან ერთად განახორციელებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი