აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კონგრესში სპეციალურ მოთხოვნას გაგზავნის, რომელიც ისრაელისთვის და უკრაინისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას გულისხმობს.
როგორც ბაიდენი ამბობს, თანხა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებას მოხმარდება, რათა ქვეყანამ "კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების," მათ შორის, ისრაელის და უკრაინის, მხარდაჭერა შეძლოს.
თეთრ სახლში გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ "ჰამასსა" და რუსეთს, "ორივეს მეზობელი დემოკრატიის განადგურება სურთ."
"ეს რაციონალური ინვესტიციაა, რომელიც ამერიკულ უსაფრთხოებას, გრძელვადიან პერსპექტივაში დივიდენდებს მოუტანს. დაგვეხმარეთ დავიცვათ ამერიკული ჯარი საფრთხისგან. დაგვეხმარეთ ავაშენოთ უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიო ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის," - თქვა ბაიდენმა.