ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 21 ჟურნალისტი დაიღუპა. ორგანიზაციის თქმით, 21 დაღუპული ჟურნალისტიდან 17 პალესტინელი, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო. 19 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, დაშავდა 8, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 3 ჟურნალისტი.
როგორც CPJ ამბობს, ისინი იძიებენ ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარისა და ოფისებისა თუ სახლების დაზიანების შემთხვევებსაც.
"CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მეომარი მხარეების სამიზნე არ უნდა იყვნენ. ჟურნალისტები მთელი რეგიონის მასშტაბით დიდ მსხვერპლს იღებენ ამ კონფლიქტის გასაშუქებლად. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები," - განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა.