სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ორაზროვნად პასუხობს კითხვას ვინ არის ქვეყნის მთავარი მტერი და არის თუ არა ეს რუსეთი.
"მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები. [რუსეთი არ არის მთავარი მტერი?] არამარტო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მეტად გამოკვეთილი სპეციფიკა ყველაფერზე საჯაროდ არ განაცხადოს რასაც ფიქრობს და რა ინფორმაციაც აქვს. რუსეთი ოკუპანტია და 5 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი და ანგარიშიც საჯაროა, სადაც რუსეთი არის ოკუპანტი", - თქვა ლილუაშვილმა.
ოჩამჩირეში რუსული მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებაზე მან თქვა, რომ მინიმუმ 3 წელი დასჭირდება არსებული ინფრასტრუქტურის გარდაქმნას ისე, რომ პორტი დიდ ხომალდებს მოემსახუროს.
"ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე, თუმცა მინდა გითხრათ, ცოტა პატარა ისტორიას მოგიყვებით, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწყვის ნავებს, კატარღებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე.
არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა დასჭირდება სულ მცირე 3 წელიწადი", - თქვა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს აღნიშნული პორტი კი არა მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრხეს.